გიორგი ამილახვარმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

15 აპრილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დაარსების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება გიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა.

მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ღონისძიების მონაწილეებს მანდატურის სამსახურის დაარსების დღე მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები და ადმინისტრაციის თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

გიორგი ამილახვარი: „პირველ რიგში, ვულოცავ ყველა მანდატურს, სოციალურ მუშაკს, ფსიქოლოგსა და მანდატურის სამსახურის მთელ გუნდს. მადლობა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში მართლაც ფასდაუდებელ შრომას ეწევით და ზრუნავთ ჩვენი მოსწავლეების, ჩვენი შვილების უსაფრთხოებაზე.

მეამაყება ის, რომ დღეს თითოეული მანდატური არის მოსწავლის, ბავშვის, მშობლის მეგობარი ადამიანი – ის გვერდში უდგას მათ და ეხმარება გამოწვევების დაძლევაში, რომლებსაც შეიძლება სკოლაში გადააწყდნენ. ამის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ მანდატურები გვევლინებიან მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხარდამჭერებად.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ სკოლებში ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი კომპონენტია უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემო, სწორედ ამიტომ განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მანდატურის სამსახურის გაფართოებაზე და კიდევ უფრო გაძლიერებაზე. ამ მიზნით უკანასკნელ წლებში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდა.‘‘

როგორც მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, მიმდინარე წლიდან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფუნქციები გაფართოვდა – მას ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი მომსახურებაც დაემატა, რაც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის სისტემის მართვას და გააუმჯობესებს კოორდინაციას.

ღონისძიების ფარგლებში  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა, სოფიო აბულაშვილმა და სამსახურის სხვა წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომელსაც მანდატურის სამსახური სასკოლო კლიმატის გაჯანსაღებისა და უსაფრთხო, ზრუნვაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს.

მანდატურის სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე წულაძემ და მოადგილეებმა გელა გელაძემ და ნოდარ პაპუკაშვილმა.

ღონისძიებას საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების სააგენტოს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, სახალხო დამცველის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

Back to top button